აფხაზური ენის ლექსიკონის ხელნაწერის გამოცემის გამო
თეიმურაზ გვანცელაძე, "აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი", 1827წ
საკვანძო სიტყვები:
ბზიფი, აფხაზური ენა, აფხაზური, სოხუმი-ყალე, რუსული ანბანი, კირილიცა, დიაკრიტიკული ნიშნებიანოტაცია
რეცენზია შეეხება ვლადიმერ რომანოვის „აბაზურ ლექსიკონს” («Абазинской словарь»); ესაა რუსულ-აფხაზური ლექსიკონი, რომლის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, აფხაზური დიალექტური ფორმები აღადგინა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ (აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი. ვლადიმერ რომანოვი, აბაზური ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი, თბილისი, 2013, 205 გვ.). ჩვენს პრაგმატულ ეპოქაში მეცნიერის ღვაწლი ნაკლებად ფასდება; მეტიც, ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ დიდი ანაზღაურებისათვის შეიძლება გაიწიოს დიდი შრომა... ამ ფონზე ვინმესთვის ალბათ უცნაურად გამოიყურება პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის მუხლჩაუხრელი შრომა აფხაზური ენის ისეთი ხელნაწერების, მივიწყებული ბეჭდური მასალების დადგენის, ფორმათა აღდგენის, ელექტრონულ ვერსიად აწყობის, კვლევისა და გამოცემის მიმართულებით, რომელთა გამოცემას მსხვილი ასოებით იმ აფხაზი, რუსი, ქართველი მოღვაწეების გვარები აწერია, რომელთაც ოდესღაც შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი ამ ტექსტების ბედ-იღბალში, მაგრამ რომელთაც უკვე ნაკლებად (ან საერთოდ აღარ) იხსენებდა თანამედროვეობა, ხოლო ამ ყოველივეს მომძიებელი, აღმდგენელი, გამცოცხლებელი, თანამედროვეობისათვის მიმძღვნელი და სამეცნიერო მიმოქცევაში შემომტანი წიგნის სათაურში მოკრძალებით, ქვემოთ, წვრილი შრიფტით არის მოხსენიებული (”ლექსიკონის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, აფხაზური დიალექტური ფორმები აღადგინა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ”); ლექსიკონში მოცემული აფხაზური სიტყვები და ფრაზები ბზიფურ დიალექტს ან მასთან მიახლოებულ მეტყველებას განეკუთვნება, და შესაბამისად, ამ ლექსიკონის მკითხველისათვის მიწოდებით თეიმურაზ გვანცელაძე აფხაზოლოგებს, და უპირველეს ყოვლისა, თავად აფხაზებს, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ათწლეულის ბზიფურ დიალექტს აცნობს. ამ მასალის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების შემდგომ ქ. სოხუმ-ყალესა და მისი მიმდებარე მხარის აფხაზი მცხოვრებლები რუსეთმა განდევნა ამ რეგიონიდან, რის გამოც ამ მიწაწყალზე ლექსიკონში დაფიქსირებული ფორმები დღეს უკვე აღარ არის წარმოდგენილი. როდესაც ტექსტის დადგენის სიძნელეებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ „ლექსიკონში აფხაზური სიტყვების გადმოსაცემად შემდგენელი იყენებს რუსული ანბანის (კირილიცას) თითქმის ყველა ასოს ყოველგვარი დამატებითი გრაფიკული ელემენტების (დიაკრიტიკული ნიშნების, სატრანსკრიფციო სიმბოლოების...) გარეშე, რაც, ბუნებრივია, იწვევს მრავალ უზუსტობას აფხაზური ენობრივი მასალის გადმოცემაში, მით უმეტეს, რომ აფხაზური ენა და მისი ბზიფური დიალექტი შეიცავს რუსული ენის ფონემების რაოდენობაზე ორჯერ მეტ ფონემას. შეცდომებს იწვევს ისიც, რომ ავტორის ყური აშკარად არ იყო შეჩვეული აფხაზურ მეტყველებას და უჭირდა ამ ენის ფონემათა სწორად აღქმა” (თ. გვანცელაძე, გვ. 173). უნდა აღინიშნოს, რომ თ.გვანცელაძის გამოკვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს სწორედ ფონეტიკური ანალიზი შეადგენს, რადგან აქ არა მხოლოდ სალექსიკონო მონაცემთა დახასიათებაა წარმოდგენილი, არამედ მოცემულია აფხაზური ენის დიალექტების ღრმა კვლევა ამ კუთხით; ანალიზის დროს ავტორი განიხილავს იმ შეცდომებსაც, რომელსაც იბერიულ-კავკასიური მასალის კირილიცაზე ჩაწერა იწვევდა (და იწვევს) და აგრეთვე იმასაც, რომ “რუსულენოვან მსმენელს”, რომელმაც არ იცის აფხაზური, “არ ესმის” უამრავი ბგერა (არის რაღაც სიმბოლურიც ამ “ვერგაგონებაში”); მკვლევარი გამოწვლილვით ჩერდება ხმოვანთა და თანხმოვანთა რომანოვისეულ აღქმაზე, ცდილობს ახსნას ერთი და იმავე ფონემის ნაირგვარი ჩაწერის მიზეზები და შემოგვთავაზოს სოხუმ-ყალესა და მის მიმდებარე მხარეში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველებაში XIX საუკუნის 20-იან წლებში გავრცელებული აფხაზური მეტყველების აღდგენილი ფონემატური სისტემა. აქვე შეძლებისდაგვარად დადგენილია აფხაზურ სიტყვათა ამოსავალი ვარიანტები, რომლებიც რეკონსტრუირებულია ბზიფური დიალექტის მონაცემთა გათვალისწინებით. გამოკვლევაში სალექსიკონო ფორმები საგანგებოდაა დახასიათებული ზოგადაფხაზურ სპეციფიკურ თანხმოვან ფონემათა გადმოცემის თვალსაზრისით.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2013 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .


