E-ISSN: 3088-414
„შენ არა ხარ ის ბიჭი აჭარიდან?“ (ნათლობა)
− შენ არა ხარ ის ბიჭი აჭარიდან? – ღიმილით ჰკითხა უწმინდესმა მომდევნო შეხვედრისას.
დიახ, პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, იყო „ის ბიჭი“ – პირველი ნათლული აჭარიდან, რომელიც პატრიარქმა ილია ІІ-მ მონათლა თავისი აღსაყდრების შემდეგ.
სასაქართველოო ინტერესებმა და, განსაკუთრებით, ზრუნვამ ქართველთა ენობრივი ერთიანობისათვის უფრო თვალსაჩინო გახადა მისი სულიერი სიახლოვე ქართული ეკლესიის ღვაწლმოსილ მეთაურთან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ პროფ. ტარიელ ფუტკარაძე 2010 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა პატრიარქის ინიციატივით დაარსებულ ქართულ უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა ქართველოლოგიის ცენტრს და, ასევე, ქართველოლოგიის სკოლას, რომლის მთავარი დანიშნულება იყო, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეთა (წარმომავლობის მიუხედავად) კონსოლიდაცია, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო საზღვრებს მიღმა დარჩენილი თურქეთელი თუ ფერეიდნელი ქართველებისათვის მემკვიდრეობის ენის სწავლება და ამ გზით მათი ეთნიკური იდენტობის, წინაპართა ფესვების შენარჩუნება-გადარჩენა.
იამზე ვაშაკიძე, ფილოლოგიის დოქტორი
პროფ. ტარიელ ფუტკარაძის მეუღლე




